„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა 2026-2029 წლებში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გამართა.
კახა კალაძესთან ერთად, საზოგადოებას სამომავლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ მიაწოდა.
როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალიტეტისთვის, როგორც გასულ წლებში, ასევე მომდევნო წლებშიც მნიშვნელოვანია ჯანდაცვის ახალი პროგრამები, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების გაფართოება, მიმდინარე პროგრამების გაგრძელება და რაიონული გამგეობების პროგრამები.
„დღეს, დედაქალაქში ძალიან ბევრი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამა მოქმედებს, რაზეც მუდმივ მონიტორინგს ვახორციელებთ. ვცდილობთ, რომ სერვისი გავაუმჯობესოთ და უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასევე, ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ბაზარს და პროცესებს, სადაც ყველაზე მეტად დგას სხვდასხვა სერვისის საჭიროება. შესაბამისად, ჩვენ შევიმუშავეთ ჯანდაცვის სამი ახალი პროგრამა.
პირველია, „ადრეულ ეტაპზე კიბოს სადიაგნოსტიკო კვლევების დაფინანსების” პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ყველა ძვირადღირებული კვლევა დაფინანსდება - გენეტიკური კვლევები, პეტ კვლევა, მაგნიტორეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით. შედეგად, შესაძლებელი იქნება ადრეულ ეტაპზე მოხდეს ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზის დასმა და იმ ხარჯების შემცირება, რაც უკვე შემდგომ დაავადების მკურნალობაზეა გამოყოფილი. ამით კიდევ ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ. აღნიშნული პროგრამით ყოველწლიურად მინიმუმ 10 000 მოქალაქე ისარგებლებს“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.
მისივე თქმით, საკმაოდ მაღალია მოთხოვნა ფარისებრი ჯირკვლის რადიოიოდოთერაპიაზე და მუნიციპალიტეტი მომდევნო წლებში შესაბამის პროგრამას აამოქმედებს. პროგრამა მკურნალობის 95%-იანი ეფექტიანობას იძლევა, დაფინანსება კი 100%-იანი იქნება.
„რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროგრამას, რომელსაც დავიწყებთ, ეს არის „ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსება“. მოგეხსენებათ, ფილტვის კიბო არის ნომერ პირველი პირველი ონკოლოგიური დაავადება სიკვდილიანობის კუთხით. მისი ნაადრევი გამოვლინება მნიშვნელოვანია. პროგრამის ფარგლებში, კიბოსწინარე პათოლოგიებისა და კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოსავლენად კვლევები 100%-ით დაფინანსდება და სერვით სარგებლობას წელიწადში მინიმუმ 10 000 მოქალაქე შეძლებს“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.