სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სსიპ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №178 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განახორციელა.

პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები შენობის ოთხივე სართულზე ჩატარდა. სრულად გარემონტდა საკლასო ოთახები, ფოიე, დერეფნები და კიბის უჯრედები; გამოიცვალა კარები, განათება და იატაკი. მოეწყო გათბობისა და ელექტრო გაყვანილობის ახალი სისტემა.

ერთ მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოები  საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით განხორციელდა.

შედეგად თანამედროვე და კეთილმოწყობილი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით სკოლის 1420 მოსწავლე და 100 ზე მეტი თანამშრომელი სარგებლობს.

პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ლევან სუხიტაშვილი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნენ.

საქართველოს განათლების რეფორმის ერთ-ერთ პრიორიტეტს თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენს, რომელზედაც მიზანია ზოგადი განათლებისა და თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.