პრემიერი: სექტემბრიდან სკოლებში იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა" დაბრუნდება

1563175927
ამის შესახებ საქართველოს პრემიემინისტრმა მამუკა ბატაძემ სოფლე ვარიანში, იაკობ გოგებაშვისლი სახლ-მუზეუმში განაცხადა.
„აქ დაიბადა დიდი ქართველი ადამიანი, რომელმაც შექმნა თითოეული ჩვენგანისთვის უსაყვარლესი წიგნი, ჩვენი „დედა ენა“. ადამიანი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ისტორიულ მისიაში, რასაც ერქვა ქართული ენის გავრცელება. ჩვენ დღეს ვიმყოფებით იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმთან და მინდა, აქედან მივესალმო სრულიად საქართველოს. ეს იყო ეპოქა, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ნამდვილი პატრიოტი ადამიანების ერთად დგომა. ეს იყო უდიდესი გამოწვევა მაშინდელი საქართველოსთვის, როდესაც ქართული ენა იდგა გადაშენების პირას. ქართველმა პატრიოტებმა შეძლეს შეუძლებელი, შეძლეს და შექმნეს წიგნი, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას, რომელმაც შეგვინარჩუნა ყველაზე წმინდა, ქართული ენა და ქართული ანბანი. როდესაც იაკობ გოგებაშვილი თავის წიგნს წერდა, მას სწორედ ეს განზრახვა ჰქონდა, რომ გადაცემულიყო თაობიდან თაობას, რომ შეგვენარჩუნებინა ყველაზე წმინდა, ჩვენი ენა და ანბანი. მაგრამ შემდეგ, სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანების მოქმედების შედეგად, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ამოიღეს სასწავლო პროგრამიდან და ამან გამოიწვია ჩვენი საზოგადოების გულისწყრომა, სამართლიანი და ობიექტური. მაშინდელი ეპოქისთვის და მაშინდელი პატრიოტებისთვის წერა-კითხვის გავრცელება იყო ეროვნული იდეა, ისინი სწორედ წერა-კითხვის გავრცელებაში ხედავდნენ საქართველოსა და ქართველი ენის გადარჩენას. დღეს ჩვენც გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის განათლება.
ეს არის იმის ერთადერთი გარანტი, რომ საქართველო შედგება როგორც წარმატებული და ერთიანი ქვეყანა 21-ე საუკუნეში. დღეს, ამ უმშვენიერესი ადგილიდან, ვარიანიდან მინდა, მივაწოდო ქართულ საზოგადოებას ინფორმაცია, რომ სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც შეძლო, ჩვენ დაგვებრუნებინა ქართულ სკოლაში „დედა ენა“. სექტემბრიდან ყველა პირველკლასელი უფასოდ მიიღებს იაკობ გოგებაშვილის “დედა ენას“ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბავშვები, ისევე, როგორც მომავალი თაობები შემდეგი საუკუნეების განმავლობაში ისევე შეიყვარებენ ქართულ „დედა ენას“, როგორც ეს უყვარდათ ჩვენს წინა თაობებს და ეს წიგნი გვიყვარს ჩვენ“, – განაცხადა პრემიერმა