ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა, რომელიც მედიისთვის არაოფიციალურად გახდა ცნობილი.
"კვლევა როგორც ვიცი, ოფიციალურიც კი არ არის. იქ სხვა ტიპის ინფორმაციაც იყო პოლიტიკოსების შესახებ. მე გამიჭირდება ამას სერიოზულად ვუპასუხო. იქ ისეთი ტიპის ინფორმაციაა, რომელიც უფრო ალბათ, პოლიტიკური ანეკდოტების სიას განეკუთვნება, ვიდრე სერიოზულ საკითხს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი კვლევა არის მნიშვნელოვანი, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის, თუმცა მე ვფიქრობ, საველე სამუშაოს ვინც აწარმოებს, ის არ აწარმოებს მას იმ კრიტერიუმების დაცვით, როგორც ეს უნდა ხდებოდეს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. "აირაის" არცერთი მედიასაშუალებისთვის კვლევის შედეგებზე არანაირი ინფორმაცია არ გადაუგზავნია, არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად", - ასე გამოეხმაურა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი "აიპრესთან", ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ კვლევის შედეგებს, რომელიც ტელეკომპანიამ დღეს გამოაქვეყნა. როგორც "აიპრესს" საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში განუცხადეს, მათთვის უცნობია, საიდან აქვს კვლევის შედეგები ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს, ვინაიდან "აირაის" კვლევის ოფიციალური შედეგები მედიისთვის ამ ეტაპისთვის არ გაუსაჯაროებია.