ჩვენს ისტორიაში არაერთი ადამიანია, რომელთა ღვაწლი, ჩვენი სამშობლოსთვის თავდადება უფრო მეტ აღიარებასა და დაფასებას იმსახურებს. მათ შორისაც, განსაკუთრებულია ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია), - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადა, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს წიგნის წარდგენას დაესწრო.

"მოგესალმებით მეუფე შიო, მივესალმები მეუფეებს, სასულიერო დასის წევრებს, ძვირფას საზოგადოებას.

მეუფე შიო, მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო თქვენდამი, რომ პატივი დამდეთ და თქვენი ნაშრომის საზოგადოებისთვის წარდგენაზე მომიწვიეთ.

ჩვენს ისტორიაში არაერთი ადამიანია, რომელთა ღვაწლი, ჩვენი სამშობლოსთვის თავდადება უფრო მეტ აღიარებასა და დაფასებას იმსახურებს; მათ შორისაც, განსაკუთრებულია ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია) - გამოჩენილი სასულიერო მოღვაწე და საეკლესიო მწერალი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს ქვეყანაში სულიერების შენარჩუნებაში, სამონასტრო ცხოვრების განვითარებაში, ქართული ენისა და ეროვნული ფასეულობების  დაცვის საქმეში.

ღირსი ალექსის მოღვაწეობა XIX საუკუნის მეორე ნახევარს მოიცავს, იმ პერიოდს, როდესაც განსაკუთრებით გაძლიერდა ცარიზმის რუსიფიკაციის პოლიტიკა; ქართული ენის შეზღუდვა - მათ შორის ეკლესიებში; ზოგადად, ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლა. როგორც ჩვენ მოვისმინეთ მეუფე შიოსგან, ღირსმა ალექსიმ თავისი ცხოვრება სწორედ ეროვნული და საეკლესიო  ფასეულობების დაცვას მიუძღვნა; მისი ღვაწლი არაერთი მამულიშვილისათვის იქცა მისაბაძ მაგალითად და ჩვენ ამის არაერთი მაგალითი მოვისმინეთ ახლა.


მოხარული ვარ, რომ მეუფე შიოს ეს მეცნიერული ნაშრომი ჩვენს თანამედროვეებს უკეთ გააცნობს ჩვენი ისტორიის ამ დრამატულ პერიოდს და მისი ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწის - მამა ალექსი სენაკელის უდიდეს დამსახურებას ჩვენი ქვეყნის წინაშე.

მეუფე შიო, კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენი შრომის ამ მნიშვნელოვან შედეგს, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ და გისურვებთ წარმატებებს”, - განაცხადა პრემიერმა.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ და ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა.

წიგნის სახელწოდებაა „ღირსი ალექსი სენაკელი ( შუშანია)", რომელიც ეძღვნება ღირსი ალექსი სენაკელის გარდაცვალებიდან 100 წლისთავს.


წიგნი ასახავს XIX საუკუნის ბოლოსა  და XX საუკუნის დასაწყისის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამორჩეული მოღვაწის, საეკლესიო მწერლის, ღირსი ალექსი სენაკელის ცხოვრებას.  ალექსი სენაკელი 1852-1923 წლებში მოღვაწეობდა. მონოგრაფიაში  შესწავლილია ღირსი მამის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ყველა სფერო; წიგნი
მოიცავს ახლადმიკვლეულ საარქივო მასალას, რომელშიც ასახულია ღირსი მამის ცხოვრების მანამდე უცნობი დეტალები.

წიგნი გამოიცა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საპატრიარქოს ქართველოლოგიური კვლევის ცენტრის მხარდაჭერით.

წიგნი პროფესორმა ზაზა აბაშიძემ წარადგინა.