ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ისრაელის დასახლებებს, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის შემთხვევაშია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

„მაგალითს თუ ავიღებთ, როდესაც ყირიმის ოკუპაცია მოხდა, მაშინ ძალიან ნათელი იყო, რომ ეს უკანონოა. ჩვენ ამას არ ვაღიარებთ, რაც ნიშნავს, რომ ვწყვეტთ ყირიმიდან შემოსულ ნებისმიერ პროდუქტზე ვაჭრობას. ჩვენც იგივე პრინციპული პოზიცია უნდა გვქონდეს – თქვენ იცით, რომ ეს უკანონოა, ყველა თანხმდება – ამიტომ უნდა შევწყვიტოთ ვაჭრობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან“, – განაცხადა კალასმა.

აღნიშნულ განცხადებას ევროკავშირსა და ნატო-ში ისრაელის მისიამ „ძალიან სამწუხარო“ უწოდა.

„განსაკუთრებით დღეს, ებრაული ახალი წლის წინა დღეს, ძნელი დასაჯერებელია, რომ [ის] პირდაპირ პარალელს ავლებს იერუსალიმის დასავლეთ კედელსა და ებრაულ კვარტალსა და ყირიმში არსებულ სიტუაციას შორის, მისი პირადი მსოფლმხედველობის მიუხედავად“, – ნათქვამია მისიის განცხადებაში.