უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხრუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო პატრიარქი დაესწრება.
ინფორმაციას "საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლად უწმინდესმა ბართლომეოსმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს ოფიციალური სამძიმრის წერილი გამოუგზავნა, რომელშიც პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"საქართველოს უწმინდესი ეკლესიის მარად სახსენებელი წინამძღვრის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალების გამო, ვფიქრობთ მის მამობრივ სიყვარულზე ღვთისმოსავი ერისა და მეგობარი ქვეყნის - საქართველოს მიმართ; იმ გულწრფელ სიყვარულზე და ღრმა პატივისცემაზე, რომელსაც ქართველი ხალხი მისი პატივსაცემი პიროვნებისადმი იჩენდა მთელი მისი ხანგრძლივი და კურთხეული პატრიარქობის განმავლობაში - რა დროსაც გამორჩეულად განმტკიცდა საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის საყდართან, რომლის მიმართაც მას ღრმა პატივისცემის და მადლიერების გრძნობა ჰქონდა - გამოვხატავთ მსოფლიო საყდრისა და პირადად ჩემს სამძიმარს საქართველოს უწმინდესი ეკლესიისა და მისი ერთგული სამწყსოს მიმართ. მთელი გულით ვლოცულობთ მისი სულის განსვენებისთვის "ქუეყანასა მას ცხოველთასა" და მართალთა სავანეებში, რათა ეკლესიის დამფუძნებელმა და მწყემსმთავარმა ქრისტემ აღუდგინოს მას ღირსეული მემკვიდრე. მარადიული და უკვდავი იყოს ჩვენი ძმისა და თანამსახურის, უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა," - აღნიშნულია მსოფლიო პატრიარქის წერილში. მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლად უწმინდესმა ბართლომეოსმა აღასრულა პანაშვიდი საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის სულის მოსახსენებლად.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. უწმინდესის მეოხებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, რის შედეგადაც მირონის მოხარშვის უფლება მოიპოვა. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.
უწმიდესის 47-წლიანი მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.
შეგახსენებთ, კონსტანტინოპოლის პატრიარქი საქართველოს ბოლოს 13 წლის წინ სტუმრობდა.








