გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ევროკავშირის პროგრამის - „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა“ (ENPARD) მმართველი კომიტეტის რიგით 30-ე სხდომას დაესწრო.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, მრავალი წლის განმავლობაში, საქართველოში როგორც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, ასევე გარემოსდაცვითი მიმართულების მუდმივი მხარდაჭერისთვის.

„ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და გაძლიერებისკენ მიმართული არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის მხარდაჭერა მოხდა როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე  სოფლის განვითარების კუთხით. დღეს, როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზეა - გვაქვს ევროპული პერსპექტივა  და  აქტიურად ვმუშაობთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, ჩვენ პარტნიორებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბევრი მიმართულებით პროგრესს უკვე მივაღწიეთ, თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს და სამინისტრო, მის სისტემაში შემავალ უწყებებთან ერთად, აქტიურად მუშაობს მათი დაძლევისთვის.  ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, ავიღეთ ვალდებულება ჩვენი კანონმდებლობის  ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან დაახლოებაზე.  დღეისათვის, საუბარია 200 რეგულაციის, დირექტივისა და გადაწყვეტილების აპროქსიმაციაზე 2015-2028 წლებში. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე, ჩვენი კანონმდებლობა უკვე დაახლოებულია  ევროკავშირის 180-ზე მეტ სამართლებრივ  აქტთან და მათი უმეტესი ნაწილი ამოქმედებულია. გამოწვევად რჩება გარკვეული აქტების აღსრულება, რაც დიდ ფინანსურ რესურსთან ერთად, კერძო სექტორის მომზადებას და სახელმწიფო ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერებას მოითხოვს. ტექნიკური დახმარების ნაწილში, ჩვენ გვაქვს ევროკავშირის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერა, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობა მათ. ჩვენ მზად ვართ, განვახორციელოთ ყველა ის რეფორმა, რაც ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის  ეფექტიანად წარმართვას განაპირობებს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შეხვედრაზე, მმართველი კომიტეტის წევრებმა, ENPARD-ის მე-4 ფაზის საბიუჯეტო დახმარების ფარგლებში 2022 - 2023 წლის ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა განიხილეს. საუბარი შეეხო სანერგეების სერტიფიცირებას, სურსათის ეროვნული სააგენტოს გაძლიერებას და უწყებაში ხარისხის მართვის სისტემასთან დაკავშირებულ ინდიკატორებს, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAGs) ევროპული LEADER მიდგომით ფუნქციონირების მდგრადობის უზრუნველყოფას,  ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარებას, სურსათის უვნებლობას და სასურსათო უსაფრთხოების საკითხებს.

ENPARD-ის მმართველი კომიტეტის სხდომა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები, ევროკავშირის წარმომადგენლობის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA), შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) წარმომადგენლები.

ENPARD-ის მმართველი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდგომ, ENPARD  IV-ის ფარგლებში  დაწყებული პროექტის „სურსათის უვნებლობისა და სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სექტორის მხარდაჭერა საქართველოში“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაც გაიმართა.