გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მინისტრმა ოთარ შამუგიამ და აშშ-ის საელჩოს ატაშემ ქრისტინ მუმამ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროგრამები განიხილეს.
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მრავალი წელია სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა აკავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. აშშ-ის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის. ამ მხრივ ხაზგასასმელია ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა (USDA) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობა, რისთვისაც მადლობას გიხდით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
შეხვედრაზე აშშ-ის საელჩოს ატაშემ ვაშინგტონში დაგეგმილ კლიმატის სამიტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ოთარ შამუგია სამიტზე დასასწრებად აშშ-ში მიიწვია.
„კლიმატის ცვლილება დღეს გამოწვევაა მთელი მსოფლიოსათვის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ახლო პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღოთ მონაწილეობა მაისში დაგეგმილ სამიტში“, - განაცხადა ქრისტინ მუმამ.
აშშ-ის საელჩოს ატაშემ, შეხვედრაზე, USDA-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს აგრარული სექტორის განვითარებისათვის ახორციელებს არაერთ პროგრამას/პროექტს და მზადაა მეტი ჩართულობისა და არსებული მხარდაჭერის კიდევ უფრო გაფართოვებისათვის.
აშშ-ის საელჩოს ატაშე ქრისტინ მუმასთან შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და მოადგილე ნინო თანდილაშვილი, აშშ-ის საელჩოს ეკონომიკის განყოფილების ხელმძღვანელი ჯინ ფოსტერი და USDA-ის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლები.