„დედაქალაქის 2025 წლის წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი არის ძალიან შთამბეჭდავი. მან მიაღწია ისტორიულ ნიშნულს - 2 მილიარდ ლარს“,  - ეს განცხადება თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ნინო რუხაძემ გააკეთა.

დეპუტატის თქმით, ზოგადად, ბოლო წლების მანძილზე თბილისის ბიუჯეტი მუდმივად ავლენს ზრდის ტენდენციებს  და საკუთარ ისტორიულ მაქსიმუმს აუმჯობესებს.

ნინო რუხაძისავე თქმით, სინანულს იწვევს მხოლოდ ის, რომ ეს მაჩვენებლები შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო მაღალი, რომ არა უკანასკნელი წლების მანძილზე ის ხელოვნურად გამოწვეული რყევები, რომლებსაც რადიკალური ოპოზიციური ძალები ამ ქვეყანაში იწვევენ.

 „ამ ყველაფრის შედეგად, ძალიან მოკრძალებული გათვლებით, ჩვენმა ქვეყანამ დაახლოებით 5 მილიარდ ლარამდე დაკარგა. ეს არის რეალურად ის, რაც წაართვეს ამ ქვეყანას და ქვეყნის მოსახლეობას,  რომელიც შეიძლებოდა ქვეყნის წინსვლას, ევროპულ ინტეგრაციას და მოსახლეობის კეთილდღეობას მოხმარებოდა.  ქვეყნის  ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის კი   მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ყველაზე ხელშესახებ შედეგებს მიაღწია“,  -  განაცხადა ნინო რუხაძემ.