„წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მოსახლეობას დისკომფორტი ექმნება, რისთვისაც მათ ბოდიშს ვუხდით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ ბოდიშის მოხდას იმ დისკომფორტისთვის, რომელიც ექმნებათ ჩვენს ოპონენტებს ჩვენი გაკეთებული საქმეებით“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ნინო რუხაძემ გააკეთა.

მისი თქმით,  ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებსაც ამ ქვეყანაზე გული შესტკივათ და აგრძელებენ სასიკეთო საქმეების კეთებას.

„ჩვენს მიერ  გაკეთებული საქმეები ოპოზიციისთვის პოლიტიკურად დამაზიანებელია. ჩვენ ვაპირებთ, რომ გაკეთებული საქმეებით ეს დისკომფორტი გაძლიერებულად შეგიქმნათ. ამ დისკომფორტს შეგიქმნით ყველა მიმართულებით, იქნება ეს გლობალური, თუ  ლოკალური თემები. ამ კურსის შეცვლას არ ვაპირებთ, რადგან ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებსაც ამ ქვეყნისთვის გული შესტკივათ, რომლებსაც ეს ქვეყანა უყვართ და რომლებსაც უხარიათ, როდესაც რაღაც სასიკეთო კეთდება. 

ჩვენი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი ლიდერი არის ადამიანი, რომელიც, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, არის თანამედროვეობის  ერთ-ერთი უდიდესი მეცენატი.  მან კოვიდ პანდემიის დროს, სოციალურ-ეკონომიკური  პრობლემების აღმოსაფხვრელად ყველაზე დიდი დონაცია გაიღო. ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერავინ შეცვლის. აი, ასეთი ადამიანები არიან ამ  გუნდში“- განაცხადა ნინო რუხაძემ. 

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის თქმით, ხელისუფლება ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებას კვლავ გააგრძელებს, რადგან ისინი ხელისუფლებაში სწორედ ამისთვის არიან.

„ამ ყველაფრის ფონზე, აღმაშფოთებელია, როდესაც უყურებ ოპოზიციის მავნებლურ დამოკიდებულებას“- განაცხადა ნინო რუხაძემ.