ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო ჯღარკავა ტელეკომპანია რუსთავი2-ის გადაცემა განსხვავებული აქცენტების ჟურნალისტს ეკა კვესიტაძეს პროკურატურასა და სასამართლოში უჩივის. ნინო ჯღარკავა ეკა კვესიტაძისგან ასი ათას დოლარს ითხოვს.
როგორც ნინო ჯღარკავა ჟურნალისტებთან აცხადებს უკვე რამდენიმე დღეა გადაცემის "განსახვავებული აქცენტების" ანონსი გადის, სადაც თითქოს მისი და ლადო ბედუკაძის ფეისბუქმიმოწერას ავრცელებს. მისი თქმით, ეს არის სიცრუე, რადგან ის არ იცნობდა ლადო ბედუკაძეს და შეუძლებელი იყო მასთან მიმოწერა ჰქონოდა.
როგორც აიპრესთან ნინო ჯღარკავა აცხადებს, "ასეთი მიმოწერის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2014 წლის 18 ნომებერს, როდესაც მე დამიკავშირდა სოციალური ქსელით ჟურნალისტი ლაშა ბერულავა და ჩამიგდო დასქრინული ფეისბუქმიმოწერა. ბერულავამ იმ პერიოდში მომწერა, რომ იცოდა, რომ ეს იყო ფეიქი. თუმცა სანამ ბერულავა ამ ფეიქს ჩამიგდებდა, დაახლოებით რამდენიმე საათით ადრე იგივე ფეიქი ზაზა გაბედავამ მომაწოდა სოციალურ ქსელში, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს. თუმცა მას იქვე განვუმარტე, რომ ეს არ იყო ჩემი მიმოწერა",-განაცხადა ჯღარკავამ.
ჯღარკავამ ასევე აღნიშნა, რომ სანამ ტელეკომპანია რუსთავი ორი "განსხვავებული აქცენტების" ანონსს გაუშვებდა, მას დაუკავშირდა ჟურნალისტი და სთხოვა კომენტარი გაეკეთებინა ციხის კადრებთან დაკავშირებით, რაზეც მან უარი უთხრა. მისივე თქმით, ჟურნალისტს რომ დაეკონკრეტებინა, რომ გადაცემა აპირებდა მისი და ლადო ბედუკაძის სოციალურ ქსელში მიმოწერის შესახებ რაიმეს გავრცელებას, რაც ფეიქია და ეკა კვესიტაძემ ამის შესახებ ძალიან კარგად იცის, კომენტარს აცილებლად გააკეთებდა.




