თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა, რომლებიც თბილისის მუნიციპალიტეტისა და მერიის ურბანულ პოლიტიკას კრიტიკულად აფასებენ.
როგორც ნიკოლოზ კახეთელიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, იგი მზად არის კომისიის ფორმატში ნებისმიერ დროს მოუსმინოს ოპოზიციის წარმომადგენლებს.
„ოპოზიციონერი კოლეგებისგან ხშირად გვესმის შეფასება, რომ ქალაქში „არასწორი ურბანული პოლიტიკა“ ხორციელდება. მზად ვარ, კომისიის ფორმატში დაგითმოთ დრო და მოვისმინო თქვენი ხედვები და არგუმენტები, თუ რას მიიჩნევთ „სწორ“ ურბანულ პოლიტიკად. არც ახლა და არც წინასაარჩევნო პერიოდში არცერთი ოპოზიციონერი კოლეგისგან მის მიერ შემუშავებული კონკრეტული ინიციატივა ამ „სწორი“ ურბანული პოლიტიკის მიმართულებით არ მოგვისმენია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე არასერიოზულ შეთავაზებას. ურბანული პოლიტიკა, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს, ჩამოყალიბებულია ცნობილი ავტორიტეტული კომპანიებისა და საერთაშორისო კვლევების საფუძველზე. შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მზად ვართ კომისიის ფორმატში დაგითმოთ დრო და დამატებითი განმარტებები გაგიზიაროთ,“ - განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.











