„მობილური იუსტიციის სახლის“ გეოგრაფიული არეალი გაიზარდა. დღეიდან ის სამცხე-ჯავახეთის ხუთ სოფელსა და მათ შემოგარენში მცხოვრებ 10 000-მდე  მომხმარებელს 470-ზე მეტ სერვისს მიაწვდის.

„მობილური იუსტიციის სახლის“ ახალმა ავტომანქანამ პირველი სერვისი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისის მოსახლეებს მიაწოდა. მომსახურების გაცემის პროცესს პირადად აკვირდებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე და სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე. ერეკლე ღვინიანიძე მოქალაქეებს „მობილური იუსტიციის სახლის“ პროექტსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობაზეც  ესაუბრა.


„მობილური იუსტიციის სახლი“ იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის 470-ზე მეტ სერვისს სთავაზობს იმ ათეულობით სოფლის მცხოვრებთ, სადაც იუსტიციის სახლები არ ფუნქციონირებს.


პროექტი 2021 წლის სექტემბერში ამოქმედდა და დღეისათვის კახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის  რეგიონებს მოიცავს.

სულ მალე „მობილური იუსტიციის სახლი“ ქვემო ქართლის მოსახლეობისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი,  წლის ბოლომდე კი, „მობილური იუსტიციის სახლის“ 20 ავტომანქანა საქართველოს ყველა რეგიონს დაფარავს.