ყველა ჩვენი ობიექტის მიმართ, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ააშენებს, ეს იქნება სკოლა, ბაღი თუ სახლი - დამოკიდებულება იქნება ისეთი, როგორც საკუთარი სახლის მშენებლობის პროცესში - ამის შესახებ, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, "რუსთავი 2-ის" გადაცემაში - "დებატები" ისაუბრა:

"ჩვენი ოპონენტებიც, ყველანი ვთანხმდებით, რომ როდესაც საკუთარ სახლს ვაშენებთ, საკუთარ სახლს ვარემონტებთ, ვართ ძალიან კრიტიკულები და ყველა დეტალს ვუდგებით ძალიან სკრუპულოზურად. ყველა ჩვენი ობიექტის მიმართ, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ააშენებს, ეს იქნება სკოლა, ბაღი თუ სახლი - დამოკიდებულება იქნება ისეთი, როგორც საკუთარი სახლის მშენებლობის პროცესში.

იყო გარკვეული მავნე პრაქტიკა, რომელსაც ერთხელ და სამუდამოდ ხაზი უნდა გადავუსვათ. მავნე პრაქტიკა გულისხმობს მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რიგ შემთხვევებში არასწორ პოზიციონირებას, არასწორ დამოკიდებულებებს და ბუნებრივია, რომ შემდგომში, ამ თამაშის წესებს თუ რა დამოკიდებულებაც არის ხელისუფლების თუ ამა თუ იმ სტრუქტურის წარმომადგენლების მხრიდან, ბიზნესიც ადეკვატურად ემორჩილება და იღებს ამ თამაშის წესებს. ეს ჩვენთვის არის მიუღებელი.

როდესაც ვაშენებთ ბაღს, სადაც ჩვენი მომავალი თაობა უნდა გაიზარდოს და სოციალიზაცია დაიწყონ ხარისხიან გარემოში და იქ აბსოლუტურად გულგრილი დამოკიდებულება გვხდება, ეს ჩვენთვის მიუღებელია.

გამკაცრდა ხარისხის კონტროლი და ამ მიმართულებით, სამინისტროში ჩამოყალიბდა სხვადასხვა სტრუქტურული ერთეული, ამ ერთეულების გარდა, მე, ჩემი კოლეგები, ხელმძღვანელობა აქტიურად ვართ ჩართული. ყოველდღიურ რეჟიმში ვართ პირადად ამ ობიექტების შემოწმების კუთხით," - აცხადებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე.