საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი სრულიად კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა, – ამის შესახებ ნათქვამია წმინდა სინოდის განჩინებაში, რომელიც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორე ჭუაძემ წაიკითხა.
„წმინდა სინოდის სხდომა მოწვეულ იქნა სამწუხარო მიზეზით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. წმინდა სინოდის სხდომა გახსნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ. თავის სიტყვაში მეუფე შიომ სამძიმარი გამოუცხადა წმინდა სინოდის წევრებს და გაიხსენა კათოლიკოს-პატრიარქის მრავალწლიანი ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე. ამის შემდეგ მან დააყენა საკითხი ეკლესიის მართვა-გამგეობასთან დაკავშირებით, მომავალი პატრიარქის არჩევა. აზრი გამოთქვა უხუცესმა მღვდელთმთავარმა, მანგლელმა მიტროპოლიტმა, ანანია ჯაფარიძემ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორემ. წაკითხულ იქნა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მეოთხე თავის მეოთხე პარაგრაფი. სინოდმა დაამტკიცა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ.
წმინდა სინოდმა ასევე დაადგინა, შეიქმნას დამკრძალავი კომისია შემდეგი შემადგენლობით: სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, ჭიათურის და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, ამბა-ალავერდელი მიტროპოლიტი დავით, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ხონისა და სამტრედიისა მიტროპოლიტი საბა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, არგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მექლისედეკი, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონე, წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი, საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე, არქიმანდრიტი კირიონი“, – განაცხადა თეოდორე ჭუაძემ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. უწმინდესის მეოხებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, რის შედეგადაც მირონის მოხარშვის უფლება მოიპოვა. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.
უწმიდესის 47-წლიანი მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.








