ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის (ECDC) ცენტრის დირექტორს, ანდრეა ამონს შეხვდა.
მხარეებმა ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე მიმართული ღონისძიებების გაძლიერებასა და გადამდები დაავადებების ზედამხედველობისა და კონტროლის მიმართულებით ისაუბრეს. განიხილეს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის აქტივობებსა და ინიციატივებში საქართველოს სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობები, რაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა საქართველოს მიერ, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ.
ანდრეა ამონი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრშიც იმყოფებოდა, სადაც დარგის სპეციალისტებთან ერთად, საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრესი შეაფასა და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
საქართველოში ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორის ვიზიტი წარმოადგენს ახალი კანდიდატი ქვეყნების - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვისთვის დაწყებული კონსულტაციების პროცესის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოების გზაზე, ქვეყნების საჭიროებების განსაზღვრასა და მხარდამჭერი ღონისძიებების ერთობლივად დაგეგმვას.