აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს. ამჯერად, აჭარას გერმანელი კონტენტ-კრეატორი და ფოტოგრაფი მარსელ ლეში სტუმრობდა.
ფოტოგრაფმა ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშენიშნაობებთან ერთად მთიანი აჭარაც მოინახულა. მთაში მოგზაურობისას ის სტუმრობდა კურორტ „გოდერძის“, „ბეშუმს“, მწვანე ტბას, მტირალას ეროვნულ პარკსა და ხაბელაშვილების თაღოვან ხიდს, რომლის ულამაზესი ფოტოებიც კონტენტ-კრეატორმა ასიათასობით გამომწერს გაუზიარა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით წელს უცხოელი ინფლუენსერები რეგიონს ასევე სტუმრობდნენ საბერძნეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან. მათ მიერ მხოლოდ ერთ თვეში აჭარაზე გამოქვეყნებული კონტენტის ნახვებმა სოციალურ მედიაში 25 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ისინი რეგიონს ივნისში სტუმრობდნენ და მილიონობით გამომწერს აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას წლის ბოლომდე გააგრძელებს, როგორც საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში აჭარის წარდგენით, ისე მედიატურების ორგანიზებითა და სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიებით.









