ვისაც გჯერათ, რომ ევროპიდან ელჯიბიტი პროპაგანდა მოედინება, იქიდან დაბრუნებულები რაიმე ნიშნებს ხომ არ ატყობთ თავს? - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“ეგეთი ევროპა არ მინდა” ადამიანებიც ძალიან ბედნიერები არიან “ეგეთი ევროპის” ჩემპიონატით, ზოგი ტელევიზორებთან და ზოგი საერთოდ, ისეთი თავდადებულია, მიუხედავად იმისა, რომ “ეგეთი ევროპა” არ უნდა, ნაკრების ხათრით იმ ევროპაშიც კი გაძლო კარგა ხანს. ზოგი საერთოდ ტურიზმის და შოპინგის მიზნით იტანჯება “ეგეთ ევროპაში”. აი მე, მაგალითად, “ეგეთი რუსეთი” რომ არ მინდა, საერთოდ არავითარი რუსეთი არ მინდა და რუსეთში ნამყოფიც არ ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ყველა დასახლებული კონტინენტის ბევრ ქვეყანაში ვიყავი. ის კი არა, იმდენად მაკლია თავდადება, იქ ჩვენი ნაკრებიც რომ თამაშობდეს, მაინც ვერ გავიხედავ რუსეთისკენ, იმიტომ რომ რუსეთი რუსეთია და ეგეთი და არა - ეგეთი ვერ იქნება, ისევე როგორც ევროპა ერთია და ვერც ის იქნება “ეგეთი” და არა-ეგეთი, ან გინდა ან არა.
ისე, ვისაც გჯერათ, რომ ევროპიდან ელჯიბიტი პროპაგანდა მოედინება, იქიდან დაბრუნებულები რაიმე ნიშნებს ხომ არ ატყობთ თავს? თუ ასეა, არაუშავს, ერთმორწმუნე რუსეთში მიგავლინებთ და მყისიერად განიწმინდებით."