„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი BBC-ის რეპორტაჟს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ე.წ. ქოლცენტრების საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილი სახელდება.
როგორც ლევან ბერძენიშვილმა PIA.GE-სთან საუბარში აღნიშნა, ის დავით კეზერაშვილის შეფასებისგან თავს იკავებს, რადგან არ მიაჩნია სწორად, როცა სასამართლოს განაჩენამდე ადამიანს დამნაშავეს უწოდებენ.
„საქმე არის ასე, რომ არის ვარაუდები, რომლებიც ძალიან ჰგავს სიმართლეს, მაგრამ არ არის სასამართლოს დადგენილება და არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც ისე იცავს კეზერაშვილს, როგორც ნებისმიერ ადამიანს. ამ ვითარებაში, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკარგოთ ეს მომენტი - არ დავარქვათ დამნაშავე მანამ, სანამ სასამართლოს ასეთი რამ არ უთქვამს. ამიტომ, მე ძალიან სერიოზულად შევიკავებდი თავს კეზერაშვილის შეფასებისგან“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.