ინციდენტს „ალტ-ინფო“ წამოეგება თუ ნებისმიერი სხვა, ეს არის შემთხვევის ამბავი - კახეთში ბერძენიშვილის მიერ ლექციის ჩატარება პროვოკაციული თემაა და დაპირისპირებას ითვალისწინებდა, ბერძენიშვილი პროვოკატორთა სამსახურში ჩადგა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ყვარელში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების საშუალება არ მიეცა.
"ლექციის ჩაშლას რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ დაგეგმილი იყო პროვოკაცია და ამ პროვოკაციაზე წამოეგო ადვილად კონკრეტული ადამიანების ჯგუფი. არამარტო კახელებისთვის, არამედ ზოგადად, საქართველოსთვის, ქართველებისთვის შეურაცხმყოფელი პოზიცია, რომელიც გააჩნია ლევან ბერძენიშვილს, არის რეალობა და ამ რეალობას ხშირად გაიმეორებენ იმისათვის, რომ ასეთი ინციდენტები მოხდეს. ამ ინციდენტს "ალტ-ინფო" წამოეგება თუ ნებისმიერი სხვა, ეს არის შემთხვევის ამბავი. რაც შეეხება კახეთში ლექციის ჩატარებას ლევან ბერძენიშვილის მიერ, ესეც რასაკვირველია პროვოკაციული თემაა, სულ რომ არ არსებობდეს "ალტ- ინფო", ეს პროვოკაციული თემაა და სწორედაც რომ ასეთ დაპირისპირებას ითვალისწინებდა ეს პროვოკაცია. ზუსტად მოხდა ის, რისთვისაც იგეგმებოდა ეს ე.წ. ლექცია. ფაქტია, რომ პროვოკაციის სუნი უდის ამას ყველაფერს და ლევან ბერძენიშვილი ჩადგა პროვოკატორთა სამსახურში.
უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება, ეს გითხრან იმ სტრუქტურებმა, რომლებიც ვალდებულები არიან გადაწყვეტილება მიიღონ ამასთან დაკავშირებით. საინტერესო ის არის, რომ ლექციის ჩაშლა კი არა, ლექტორების პანღურებით და ხელით ცემის გამოგდების ფაქტები ვიხილეთ ტელევიზიაში და არ დასმულა შეკითხვა, არის თუ არა გამოსაძიებელი ეს შემთხვევები, რომელიც სადისტური ქცევებით იყო გამორჩეული სტუდენტების მხრიდან ლექტორების მიმართ და ეს სტუდენტების ჯგუფის ქცევაც გარკვეულ ორგანიზებულობის ნიშნებს ატარებდა. ორმაგი სტანდარტი დამაზიანებელია. „ალტ-ინფოს" კიდევ მოვუწოდებ, რომ ნუ დაიჩემებს ქვეყნის კუთვნილებას (ნუ დაიჩემებს, რომ ქვეყანა მათ ეკუთვნით),"- განაცხადა გია ვოლსკიმ.
15 იანვარს, ყვარელში, ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების შესაძლებლობა არ მიეცა, სადაც ის ახალგაზრდებს "ევროკლუბში" უნდა შეხვედროდა. მას "ალტ-ინფოს" წევრებმა გზა გადაუკეტეს და ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.