უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები უბისის მონასტრის კედლის მხატვრობაზე სისტემურ მონიტორინგს ახორციელებენ.

„სოციალურ ქსელში უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის შესახებ ინფორმაციის და ფოტომასალის გავრცელების შემდეგ სააგენტოს სპეციალისტებმა მონასტერში დამატებითი მონიტორინგი განახორციელეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კედლის მხატვრობაზე უკვე არსებული დაზიანებების გარდა, დაზიანების ახალი კვალი არ ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის შესწავლის მიზნით, საქართველოში იტალიელი ექსპერტების მისია განხორციელდა. ჩატარდა შესაბამისი კვლევები; საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადდა დასკვნა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი სტანდარტების დაცვით სრულყოფილი საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოების უზრუნველყოფის გეგმაზე“, – ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.