სეფიეთის ტაძარში კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყო, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კედლის მხატვრობის რესტავრატორების მონაწილეობით აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყო.
ტაძარი V-VI საუკუნეების მიჯნით თარიღდება და მას ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოში ერთ-ერთ უძველეს ეკლესიად მოიხსენიებს.
2024 წლის 31 ივლისს ტაძრის ინტერიერში აიგო ხარაჩო, რომელმაც საშუალება მისცა სპეციალისტებს, კონსერვაციის დაწყებამდე შეესწავლათ კედლის მხატვრობის მდგომარეობა.
საკონსერვაციო სამუშაოების შედეგად გამაგრდება აქერცლილი საღებავის ფენა, ბზარები ამოივსება ავთენტიკური მასალით,
გამოსწორდება ზოგიერთი ქიმი.
ინფორმაციისთვის: 2021 წელს სეფიეთის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის სახურავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ განაახლა, კერძოდ, დაზიანებული თუნუქის ბურული შეიცვალა სპილენძის გლუვი თუნუქის ფურცლებით.
2023 წელს საქართველოს კულტურის მინისტრი ესტუმრა სეფიეთს და სამნავიანი ბაზილიკის მდგომარეობას გაეცნო. მინისტრმა და სასულიერო პირებმა იმსჯელეს დაზიანებებზე, რომლებიც სახურავის რეაბილიტაციამდე ინტერიერში წყლის ჩასვლამ გამოიწვია. დაიგეგმა 2024 წელს კედლის მხატვრობაზე ჩასატარებელი სამუშაოები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
სეფიეთის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია არის სამნავიანი ბაზილიკა ცილინდრული ფორმის შვერილი აფსიდით. ბაზილიკა ნაგებია შერეული წყობით, რომელშიც გამოყენებულია სუფთად გათლილი დიდი ქვები. კედლის მხატვრობამ ფრაგმენტების სახით მოაღწია. გარდა რელიგიური სიუჟეტებისა, გვხვდება ისტორიულ პირთა, ადგილობრივ ფეოდალთა პორტრეტები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.