დავდივარ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, არ მყავს დაცვა, მხვდება ადამიანი, რომელმაც შეიძლება მჟავა შემასხას - როგორ დავიცვა თავი?,- ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე წერს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო - მე დავდივარ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხით, არ მყავს დაცვა და ამალა.
ამ დროს, მხვდება ადამიანი, რომელმაც შეიძლება მჟავა შემასხას ან თავში ჩამარტყას რამე. ეს ადამიანი არის რუსეთის მოქალაქე.
დაუბრკოლებლად შემოდის ქვეყანაში ისევ (პირველი ინციდენტის შემდეგ) და პარლამენტის შენობაში.
როგორ დავიცვა თავი?“- წერს ხატია დეკანოიძე.
ცნობისათვის, ხატია დეკანოიძემ ივნისის თვეში განაცხადა, რომ მას სამი დღეა პარლამენტის წინ რუსი ეროვნების უცნობი მოქალაქე ხვდება, რომელიც სადღაც წაყოლას სთხოვს. მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში დაწერა: „რუსეთის მოქალაქეს, რომელიც პარლამენტთან მხვდებოდა, შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს“. დეკანოიძის მტკიცებით, იგივე პირი დღეს პარლამენტთან ისევ დახვდა.