როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სოფელში წყალმომარაგების პრობლემა მთელი ზაფხულის განმავლობაში აწუხებდათ, თუმცა ბოლო სამი დღეა მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესდა - ონკანებში წყალი საერთოდ არ მოდის.
მოსახლეობის განცხადებით, უწყლობის გამო მათ ყოველდღიური ყოფა სერიოზულად შეეზღუდათ და ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების უზრუნველყოფაც კი უჭირთ.
ადგილობრივების თქმით, პრობლემის შესახებ მათ არაერთხელ აცნობეს შესაბამის უწყებებს, მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტის მერიასა და წყალმომარაგების სამსახურს, თუმცა ამ დრომდე პასუხი ან კონკრეტული რეაგირება არ ყოფილა.
აქციის მონაწილეები შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ, საკითხზე დროულად მოახდინონ რეაგირება და სოფელში წყალმომარაგება უმოკლეს ვადაში აღადგინონ.
საქართველოს გაერთიანბული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით,
სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელში წყალმომარაგების შეფერხება ბუნებრივ წყაროში წყლის დებიტის მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია. შედეგად, სათავე ნაგებობაზე სისტემის სტაბილური ფუნქციონირებისთვის საჭირო რაოდენობის წყლის მიღება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. არსებული წყლის რესურსის მაქსიმალურად ეფექტიანად განაწილებისა და წყალმომარაგების ეტაპობრივად აღდგენის მიზნით ყველა შესაძლო ტექნიკური ღონისძიება ტარდება.
,,მდგომარეობის ცვლილების შესახებ მოსახლეობას ინფორმაციას ოპერატიულად მივაწვდით.”- ნათქვამია საქართველოს გაერთიანბული წყალმომარაგების კომპანიის განცხადებაში.








