თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავხედურად ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ საქართველოში ხელისუფლების ერთადერთი კანონიერი წარმომადგენელია. განცხადება ამის შესახებ კახაბერ ლაბუჩიძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა, რომელზეც დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოხსენებით წარდგა.
„სალომე ზურაბიშვილმა ამ განცხადებით მუნიციპალიტეტის ასობით არჩეულ მაჟორიტარს, პროპორციული სიით გასულ ასობით ადამიანს გადაუსვა ხაზი ისე, თითოს მუნიციპალიტეტის და თვითმმართველობების ინსტიტუტები ჩვენ საერთოდ არ გვქონდეს. დღეს ისე არიან ოპოზიციის ლიდერები გონებადაბნელებულნი, რომ დავალების შესრულების გარდა, არაფერი არ ახსოვთ“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
მისივე თქმით, დღევანდელ დღეს დედაქალაქის მცხოვრებთა უმრავლესობა ელოდება, ვინაიდან სწორედ დღეს დამტკიცდება ის ბიუჯეტი, რომელში გაწერილი პროექტები ჩვენს ქალაქს კიდევ უკეთესს გახდის.
„დედაქალაქი ყოველწლიურად იმაზე უკეთესია, ვიდრე წინა წელს იყო. ყველა გამზირი, ქუჩა, შუქნიშანიც კი არის უმაღლესი ევროპული სტანდარტის, ხოლო იმ 30-მდე ახალი საბავშვო ბაღით, რომლებიც კახა კალაძის მერობის პერიოდში აშენდა, ევროპის ნებისმიერი დედაქალაქი იამაყებდა“, - განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ და დედაქალაქის მერს საბავშვო ბაღის აღმზრდელების ხელფასების ზრდისთვის, დედაქალაქში განხორციელებული მასშტაბური პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.