რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და საზოგადოებას ამ მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია კიდევ ერთხელ მიაწოდა.
„გვინდა, რუსთაველი იყოს არა მხოლოდ გამზირი, რომელსაც ყოველდღიურად გავივლით, არამედ ადგილი, სადაც სიამოვნებით გავისეირნებთ, შევხვდებით მეგობრებს, გავატარებთ დროს შვილებთან ერთად და კიდევ ერთხელ შევიგრძნობთ ჩვენი ქალაქის განსაკუთრებულ ხასიათს. რუსთაველი თავისი ისტორიითა და კულტურული მნიშვნელობით ყოველთვის გამორჩეული იყო და ასეთად უნდა დარჩეს მომავალი თაობებისთვისაც. განახლებული რუსთაველის გამზირი უბრუნდება თბილისს, უბრუნდება თბილისელებს, უბრუნდება თითოეულ მოქალაქეს.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ქალაქის რეაბილიტაციას, ქუჩებისა და გამზირების განახლებას ამით არ ვასრულებთ. დედაქალაქში საკმაოდ სერიოზული გამოწვევები გვაქვს. ეტაპობრივად მივყვებით და ყველაფერი იქნება რეაბილიტირებული. ჩვენ კი გვაქვს სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი ქუჩა და გამზირი მოვაწესრიგოთ, მარგამ იმასაც ვითვალისწინებთ, მსგავსი ტიპის სამუშაოები რამხელა სატრანსპორტო შეფერხებებს იწვევს. სამწუხაროდ, ერთდროულად რამდენიმე ქუჩისა და გამზირის რეაბილიტაციის ფუფუნება არ გვაქვს, თუმცა ჩვენი ქალაქი აუცილებელად იქნება კიდევ უფრო ლამაზი, მოწესრიგებული, გამწვანებული, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.









