რა არის ჯენერიკი და რით განსხვავდება იგი ბრენდული მედიკამენტისგან? – ამ საკითხზე ექიმმა ჰემატოლოგმა კახა ჩომახიძემ ისაუბრა: 

“ჯენერიკი არის არაპატენტირებული, კვლავწარმოებული პრეპარატი. ორიგინალური პრეპარატის პატენტის ვადის გასვლის შემდეგ, სხვა ფარმაცევტულ კომპანიასაც ეძლევა უფლება აწარმოოს იგივე შემადგენლობის მედიკამენტი. ჯენერიკი არის ბრენდისგან განსხვავებული დასახელების მედიკამენტი, რომელსაც  იგივე ქიმიური ფორმულა გააჩნია, რაც მას.  არ მქონია შემთხვევა, პაციენტს კონკრეტულად ბრენდი  ან ჯენერიკი მოეთხოვოს. ექიმები ჯენერიკებს ვიყენებთ, რადგან ის არ არის ვადაგასული, ყალბი ან უხარისხო წამალი. ეს არის ჩვეულებრივი პრეპარატი, რომელსაც კომპანიები განსხვავებული დასახელებით უშვებენ.“

ჰემატოლოგი ასევე შეეხო დღეს არსებულ და დამკვიდრებულ სტერეოტიპს, კერძოდ, ინდური მედიკამენტის უხარისხობას და  აღნიშნა:

„მიდგომა, რომ ინდური მედიკამენტი ყოველთვის უხარისხოა, ქვეყნის შეურაცხყოფაა. ინდოეთი ეკონომიკის მიმართულებით მზარდი ქვეყანაა. მართალია, ეს პაციენტის გადასაწყვეტია, მაგრამ როდესაც ექიმისთვის ცნობილია, რომ წამალი ლიცენზირებულია, ხარისხიანი და უსაფრთხო, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ ქვეყანაშია წარმოებული. ძალიან ბევრ მსხვილ კომპანიას  ქარხანა სხვადასხვა ქვეყანაში აქვს, მათ შორის, ჩინეთში, ინდოეთში, ტაივანში და ხარისხიან პროდუქციას აწარმოებენ",- განაცხადა ჩომახიძემ.