საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, თავდაცვის ძალები უკვე მონაწილეობენ სტიქიასთან გამკლავების ღონისძიებაში. მობილიზებულია რამდენიმე ათეული სპეციალური ტექნიკა, რათა მივიდეთ ისეთ ადგილებში, სადაც მისვლა გართულებულია. ამავდროულად, ჩვენი ძალები ჩართული არიან გაწმენდით სამუშაოებში, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გურიაში ჟურნალისტებს განუცხადა.
ჩიქოვანის თქმით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, ჯარისკაცები არიან კონკრეტულ სოფლებში, სადაც დადიან ოჯახ-ოჯახ იმ ადამიანებთან, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება.
„მყარდება კომუნიკაცია. თუ არსებობს რაიმე საშუალება, რომლითაც მათ შეუძლიათ, ადგილზე მიაწოდონ, იქნება ეს საკვები თუ მედიკამენტები, ამასაც უზრუნველყოფენ. ამავდროულად, მათ აქვთ ოპერატიული კავშირი თითოეულ შტაბთან, რაც საშუალებას იძლევა, მიაწოდონ შტაბებს ოპერატიული ინფორმაცია და დამატებითი საჭიროების შემთხვევაში, სხვა ჯგუფებიც მივიდნენ.
რამდენიმე ასეული ჯარისკაცია მობილიზებული. სხვა საჭიროებების არსებობის შემთხვევაში, მომავალშიც შეგვიძლია დამატებითი ძალის გამოყენება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მაქსიმალურად ჩავერთოთ, თუმცა ამ ეტაპისთვის ასეთი დავალება არ არის. ჩვენი ამოცანაა, რომ პირველ რიგში, უზუნველვყოთ და დავეხმაროთ შსს-ს და სხვა მუნიციპალურ სამსახურებს, რათა შესაძლებელი იყოს, მივიდეთ თითოეულ დასახლებულ პუნქტში და ამ პუნქტებიდან შევძლოთ კონკრეტულ ოჯახებში შესვლა, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებს დახმარებას.
ამ დროისთვის ჩვენ წინაშე დასმული ამოცანებისთვის ჩვენი მობილიზებული ძალები სრულად საკმარისია, თუმცა, ამავდროულად, ჩვენ მობილიზებული ვართ და დამატებითი საჭიროების შემთხვევაში, ასევე რამდენიმე საათში შევძლებთ დამატებითი ძალების ჩართვას“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.