ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ცესკოს შედეგების ვებგვერდთან დაკავშირებით გავრცელებულ არასწორ ინფორმაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და დეტალები განმარტა.
როგორც ცნობილია, ცესკოს შედეგების ვებგვერდზე იტვირთება როგორც ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატებიდან ამობეჭდილი კენჭისყრის შედეგების ანგარიში, ე.წ. ქვითრები, ასევე ის შემაჯამებელი ოქმები, რომლებსაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ბიულეტენების ხელის გადათვლის შემდგომ ადგენენ და გზავნიან ცესკოში.
აღნიშნული საკითხი გარკვეული პირების მხრიდან გახდა მანიპულაციის საგანი, სწორედ ამიტომ განვმარტავთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ იმ შემაჯამებელ ოქმებს, რომლებიც შედგება ხელით გადათვლის შემდეგ. აღნიშნული ოქმები საიტზე იტვირთება ეტაპობრივად და ყველა დაინტერესებულ მხარეს აქვს წვდომა ამ მონაცემებზე.
„ცალსახად განვმარტავ, რომ ამ შემაჯამებელი ოქმების შედეგები, ჩვენი რეზულტატების ვებგვერდზე არის ცალკე, ხოლო მათ ვისაც ელექტრონული არჩევნების შედეგები აინტერესებს, რომელიც გამოცხადდა რეკორდულად სწრაფ დროში, - ერთ საათსა და 40 წთ-ში, მარტივად შეუძლიათ ნახონ ის ღილაკზე - „ელექტრონული არჩევნები“ დაჭერით. რის შემდეგაც თქვენ ნახავთ იმ შედეგს, რომელიც გამოცხადდა ელექტრონული მანქანების მიერ დათვლილი შედეგების მიხედვით.
შესაბამისად, გამჭვირვალობის დაცვით, ყველაზე მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, ორივე შედეგი არის ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარეებისთვის ჩვენი შედეგების გვერდზე“, - განაცხადა თავმჯდომარის მოადგილემ.