მუზეუმის დირექტორისგან გასაოცარი კომენტარია! როცა Futuro Vegetal-ის წარმომადგენლებმა თავი მიიწებეს ფრანცისკო გოიას ნახატთან და იქვე კედელი მოხატეს...სამუზეუმო თუ სამხატვრო საზოგადოების რეაქცია იყო ცალსახა: ამას ეწოდება ვანდალიზმი, - წერს ხელოვნების სახლის დირექტორი, გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში.
გიორგი კალანდიას ეს კომენტარი თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორის, ნინო სანადირაძის „ფეისბუქ“ სტატუსს მოჰყვა, რომელიც თავის მხრივ მუზეუმში მომხდარ ფაქტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „საკუთარი ნამუშევრის ქურდობისთვის ბრალის დადგენა, ანუ უჩვეულო სამართლის ფორმა, წიგნის სათაურივით იკითხება, ის რაც დღეს ჩვენთან ხდება“.
კალანდია სანადირაძეს მიმართავს და აღნიშნავს, რომ როცა კედლების მოხატვასა და ბრძნული აზრებით აჭრელებას დაიწყებენ, იმედია, სანადირაძე და მისი ადმინისტრაცია გახედნას, მორჯულებასა და მოთვინიერებას არ დაუწყებთ.
„მუზეუმის დირექტორი და იკომ საქართველოს მმართველი საბჭოს წარმომადგენლისგან გასაოცარი კომენტარია! როცა Futuro Vegetal-ის წარმომადგენლებმა თავი მიიწებეს ფრანცისკო გოიას ნახატთან და იქვე კედელი მოხატეს.... სამუზეუმო თუ სამხატვრო საზოგადოების რეაქცია იყო ცალსახა: ამას ეწოდება „ვანდალიზმი“. უფრო მეტიც, Forbes Life-ს ცნობით მსოფლიოში განთქმულმა ორსეს მუზეუმმა პარიზის პოლიციას მიმართა მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმის დაცვამ ეკო აქტივისტების აქცია დროზე აღკვეთა, მუზეუმი ჩივის „ხელოვნების ნიმუშთა მიზანმიმართული დაზიანების“ მცდელობის გამო.
ახლა კი მთავარი კითხვა - რადგან ხელოვნება ცოცხალია და დამოუკიდებელია, ესე იგი შეგვიძლია მოვიდეთ თქვენდამი დაქვემდებარებულ სივრცეებში და სტუდენტებთან ერთად შეგვიძლია კედლები მოვხატოთ?! იმედია, პასუხი იქნება დადებითი და როცა კედლების მოხატვას და ბრძნული აზრებით აჭრელებას დავიწყებთ, იმედია, თქვენ და თქვენი ადმინისტრაცია „გახედნას, მოთვინიერებას და მორჯულებას არ დაგვიწყებთ“...გაძლევთ პირობას, რომ უახლოეს დღეებში გეწვევით!
დასასრულს კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ: ვინ დაუბრუნა ეროვნული გალერეა თანამედროვე მხატვრებს?! რომელი წლიდან და ვისი ინიციატივით დაიწყო მთავარ დარბაზებში თანამედროვე მხატვრების ნამუშევრების გამოფენა?! თქვენ თუ არ ვცდები თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი ბრძანდებით და თუ მიგაჩნიათ რომ ხელისუფლების მხრიდან ხელოვნების გახედნის, მოთვინიერებისა და მორჯულების დრო დადგა, რატომ ხმამაღლა არ აპროტესტებთ ამ პროცესს თქვენი თანამდებობის მაღალი ტრიბუნიდან?! გასაგებად და ნათლად თქვით, თუ შეიძლება სათქმელი!“, - წერს კალანდია.
მხატვრის სანდრო სულაბერიძის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს. კერძოდ საუბარია, ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს მომხდარ ფაქტზე, როდესაც გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.