თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე დედაქალაქის მერის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, თებერვლიდან სოციალურად
დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყებს.
გიორგი ჩაკვეტაძემ გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამა თბილისში რეგისტრირებულ პირებისთვის უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის სწავლების დაფინანსებას გულისხმობს.
,,თბილისში სწავლის საფასური კიდევ უფრო მეტ სტუდენტს დაუფინანსდება.
დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ჩვენთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამაზე ისაუბრა.
2022-2023 წლის გაზაფხულის სემესტრზე რეგისტრაცია დღეს გამოცხადდა.
პროგრამა გულისხმობს თბილისში რეგისტრირებულ პირებისთვის სწავლის სამივე საფეხურის დაფინანსებას, ხოლო ფინანსური მხარდაჭერის ოდენობა კი, აკადემიურ მოსწრებაზეა დამოკიდებული.
გარდა ამისა, თბილისის მერიის სტიპენდია სახელმწიფო უნივერსიტეტების წარჩინებულ მაგისტრანტებზე გაიცემა’’,-განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
მისივე ინფორმაციით, 2022 წელს თბილისის მერიის ინიციატივით, საკრებულომ ამ პროგრამის განხორციელების წესში ცვლილება მიიღო, რომლის თანახმად, სწავლა სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარდა, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებსაც უფინანსდებათ.
,,გასულ წელს, პროგრამით 4555 სტუდენტს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა. 3720 სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდა (მათ შორის 544 მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და 60 - შშმ სტატუსის მქონე სტუდენტს) ხოლო, 835 წარჩინებულ მაგისტრანტზე გაიცა თბილისის მერიის სტიპენდია.
ეს პროგრამა ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ამ პროგრამით წელს კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ისარგებლებს’’,-განაცხადა საკრებულოს წევრმა და აღნიშნა, რომ დაინტერესების შემთხვევაში, სტუდენტებმა განცხადებით დედაქალაქის მერიას უნდა მიმართონ.