თუ ადამიანი წესრიგს პატივს არ მიაგებს, ის ქაოსისკენ მიდრეკილია - ეს კი გონიერი არსებობის მიღმა გასვლის სურვილი და რეალობაა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფილოლოგი გია მურღულია წერს.
„ადამიანები ფიქრობენ, რომ სამყარო წესრიგია. ბერძნული სიტყვა "კოსმოს" სწორედ წესრიგს ნიშნავს.
მის შექმნამდე რაც იყო, იმას "ქაოსს" უწოდებენ.
ანუ - რაღაც მაინც იყო, მაგრამ იმ "რაღაცას" თავსა და ბოლოს ვერ გაუგებდი, იმდენად არაკანონზომიერად, საზრისისა და იდეის გარეშე ცოცხლობდა - ელემენტებით ერთმანეთში არეული.
გონიერი ადამიანი, საზოგადოება თუ სახელმწიფო, ღვთისგან შექმნილი სამყაროს მსგავსად და მიბაძვით, წესრიგს, "კოსმოსს" ქმნიან.
თუ ადამიანი წესრიგს პატივს არ მიაგებს, ის ქაოსისკენ მიდრეკილია - ეს კი გონიერი არსებობის მიღმა გასვლის სურვილი და რეალობაა.
მთავარი კი ის არის, რომ ადამიანთა მიერ შექმნილ წესრიგს სიყვარული, სამართლიანობა და თანასწორობა უნდა განაპირობებდეს და აცოცხლებდეს - სწორედ ასეთ სივრცეში შეიძლება ნამდვილად არსებობდეს თავისუფლება.
სხვაგვარი "წესრიგი" ქაოსისკენ მიდრეკილია და ამიტომ.
ბიბლიის თანახმად, ადამიანი აგვირგვინებს კოსმოსის შექმნას.
ის, ბოლო, მეექვსე დღეს დაბადა ღმერთმა - თავდაპირველი წესრიგის შესანარჩუნებლად და, შემოქმედების გზაზე, ახალ წესრიგთა შესაქმნელად.
იყო თავისუფალი ადამიანი, ნიშნავს შეინარჩუნო და შექმნა წესრიგი.
სამართლიანი და დემოკრატიული წესრიგი ბორკილები კი არა, სულის, გონისა და გულის თავისუფლების სივრცეა.
ქაოსი და თავისუფლება მტრები არიან.
ყოველდღე შექმენი წესრიგი და ის დაგეხმარება იყო ადამიანი“,- წერს გია მურღულია.