ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფილოლოგი გია მურღულია წერს: 

"თუ ადამიანს გონივრული კომპრომისის, შეთანხმების სურვილი და თავი არ აქვს, მაშინ რა განასხვავებს მას ცხოველისგან?

ისე, თუ გავიხსენებთ, მდინარესთან ცხოველებიც მეტ-ნაკლებ მშვიდობას ინარჩუნებენ. ასევეა ყველა იმ ვითარებაში, როდესაც ცხოველს არ შია და საკვებს არ ეძებს - რაც ყველას სჭირდება, არ შეიძლება მუდმივი დავის საგანი იყოს.

სამყაროს ისედაც ჰყოფნის წინააღმდეგობები და ველური ბუნებაც კი უნივერსალურ კანონს აღიარებს.

მხოლოდ ადამიანია ისეთი არსება, რომელსაც არ შია, საკვებს არ ეძებს და მაინც შეუძლია ბოროტი და აგრესიული იყოს.

მან ისიც კი მოახერხა, რომ ბოროტება ესთეტიკის რანგში აიყვანა.

რაციონალური კომპრომისით თითქმის ყოველთვის შეიძლება კარგი მიზნის მიღწევა.

სადაც და როდესაც ეს ვერ ხერხდება, იქ და მაშინ ადამიანს პრინციპულობა მართებს, რადგან ბრძოლა, თავდაცვა და ხსნა ცხოვრების ნაწილია.

ისევე, როგორც - ღირსება, რომელიც ისეთი "ნაწილია", მთლიანად რომ მსჭვალავს კაცისა და ერის ცხოვრებას.

ადამიანის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ცხოვრება მრავალი წინააღმდეგობით არის გაძეძგილი, მაგრამ რაკი გონივრული ცხოვრება გსურს, ეძებე კომპრომისი!

თუ მაინც არაფერი გამოდის, ყოველთვის რჩება დრო და ადგილი ბრძოლისთვის.

ყველა ხერხით ესწრაფვე მშვიდობას, მაგრამ მზად იყავი დაპირისპირებისთვის.

ხელის დარტყმას ხელის ჩამორთმევა სჯობს."