რა საოცრებაა, ღმერთსაც რომ ჰყავს დედა - ყველა დედაში ღვთისმშობელი ცოცხლობს - ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

„მან "მიიძინა" - რამდენი სიყვარული და რა დიდი იმედი ჩანს ამ ერთ სიტყვაში.
ეს მარიამია - დიდებული და უბრალო.
ყველა ადამიანზე აღმატებული და ყოველი სულისთვის მარადიული მლოცველი - კაცთა მეოხი ღვთის წინაშე.
ღვთისმშობელი - რა საოცრებაა, ღმერთსაც რომ ჰყავს დედა.
მას ახარეს პირველად, რომ იესო დაიბადებოდა.
მან იხილა პირველი სასწაულიც და შვილის ჯვარცმის საშინელებაც. "ვაი, რა მწარედ იწვოდნენ ნაწლევნი მარიამისა!"
არ ყოფილა იმაზე ამაღლებული, ტრაგიკული და მშვენიერი დატირება, მიქელანჯელოს პიეტა რომ გამოაქანდაკებინა.
მარიამს მოევლინა თვით იესო მიძინების წინ.
ის მფარველობს სიკეთეს, სიცოცხლეს, სიყვარულსა და საქართველოს.
არავის რგებია წილად უფრო მეტი მეტაფორა, ვიდრე ღვთისმშობელს - ღმერთის დედობა უკვე პოეზიაა. ჩვენი "შენ ხარ ვენახი" და "დავითიანი" დაუსრულებლად უგალობენ ერთ უბრალო ქალს, რომლის დიდებამაც მთელ სამყაროს უწია.
ყველა დედაში ღვთისმშობელი ცოცხლობს.
ქართველებო, გილოცავთ მარიამობას!“- წერს გია მურღულია.