ხშირად მეკითხებიან: როგორ შევარჩიოთ სკოლა ჩვენი შვილებისთვის?
ჩემი პასუხი ასეთია:
კარგი მასწავლებელი ასწავლის საჭიროს და არა ყველაფერს.
ყველაფრის სწავლება ისედაც შეუძლებელია, მაგრამ "საჭირო" რა არის? - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
"ეს არის ის, რაც მოსწავლეს საკუთარ თავს და სამყაროს მთავარ გამოვლინებებს შეამეცნებინებს, გააცნობს იმ საქმეებს, რომელთაგან ერთ-ერთი სამომავლოდ თავისთვის უნდა შეარჩიოს და დაანახვებს განსხვავებას სიკეთესა და ბოროტებას შორის, რათა პრინციპული არჩევანისას არ თქვას: "მე არ ვიცოდი".
სწავლება და სწავლა არის პასუხი 4 მთავარ კითხვაზე:
1. ვინ ვარ მე?
2. რა მინდა გავაკეთო ცხოვრებაში?
3. რას ვირჩევ - სიკეთეს თუ ბოროტებას?
4. როგორ მოვემზადო ჩემი მიზნების მისაღწევად?
თუ მოსწავლეს ამ ოთხ კითხვაზე პასუხებს მოაძებნინებს და იმასაც ასწავლის, განვითარებისა და თვითრეალიზების გზაზე როგორ იპოვოს თანამოაზრეები, სკოლას საკუთარი მისია შესრულებული ექნება.
ნახეთ და შეისწავლეთ, რა სივრცე და ინფრასტრუქტურა აქვს სკოლას, როგორი მასწავლებლები ჰყავს ზემოდასახელებულ ამოცანათა გადასაწყვეტად, აღზრდის რა სისტემა აქვს თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის მთავარ პრინციპთა ჩამოსაყალიბებლად და მართვის პროცესში როგორ აქცევს თეორიას პრაქტიკად - სკოლას მარტო მიზანთა დასახვა კი არა, მათი მიღწევაც უნდა შეეძლოს." - წერს გია მურღულია "ფეისბუკში".