რას ჰგავს წმინდა სიტყვა? - განკაცებულ ღმერთს, დაცემული ადამიანისა და სამყაროს ხსნისთვის რომ დაიბადა,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
"რა ნათელი დღეა! - ნეტავ, რას გრძნობდა იოანე მახარებელი, როდესაც იესოზე წერდა: "მე ვარ ნათელი სოფლისაი" (8,12) ?
რას და, იმას - როგორ ცოცხლდებიან დაწერილი სიტყვები.
რას ჰგავს წმინდა სიტყვა? - განკაცებულ ღმერთს, დაცემული ადამიანისა და სამყაროს ხსნისთვის რომ დაიბადა.
"ნათელს" ძველები (მაგალითად, არეოპაგელი) ხილულ, შესაცნობ ღმერთად მოიხსენიებდნენ.
დავით გურამიშვილი "უცნაურს" შეუცნობელს უწოდებდა, "საცნაურს" კი - შესაცნობლად შესაძლებელს:
"ჭირს საცნაურის მზისაცა სწორედ გამართვა თვალისა, არამც თუ უცნაურისა ცნობა გზისა და კვალისა".
"მზე" მასთან იესოს ერთ-ერთი სახელია, "მზეთა-მზე" კი - მამა ღმერთისა.
სამების მეორე ჰიპოსტასი, სახე - ძე ღმერთი სოფელს დაენახვა, რათა ადამიანს შეუქმნელი ნათელი ეხილა, შეეგრძნო და გაეცნობიერებინა.
მას შემდეგ ამ ნათლის ცქერა ყველას შეუძლია, ვინც კი გულით მოინდომებს.
მასზე ლაპარაკობდნენ ჰაგიოგრაფები (ყველა წმინდანი ამ ნათელს განასახიერებს), მას გამოხატავდნენ: რუსთველი, გურამიშვილი, ბარათაშვილი, აკაკი, ილია, ვაჟა და გალაკტიონი.
ღვთიურ ნათელს განგვაცდევინებს ყოველი გათენებული დღე, ხოლო ყოველი ღამე მისი წიწასწარმეტყველებაა, როგორც ძველი აღთქმა - ახლისა.
დაცემულ ადამიანსაც ახსოვდა ეს ნათელი და ამიტომ გააღმერთა შეუქმნელის ნაცვლად შექმნილი მზე.
"სიმართლის მზის" ანუ იესოს დასანახად ეს შექმნილი მზე უნდა დაცემულიყო.
სწორედ ამიტომ ბნელდება მეფე მირიანისთვის თხოთის მთაზე ფიზიკური მზე, რათა მისი და მთელი საქართველოს სულის ცაზე თავად დაუბადებელი და ყველას დამბადებელი ნათელი გამობრწყინდეს.
შემოუშვი ის ნათელი საკუთარ გულში.
ასეთი გული სხეულსაც ანათებს და მთელ სამყაროსაც.
"ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო".
რა ნათელი დღეა!"- წერს მურღულია.