ის ბავშვიც არის და მოხუციც, ჯანმრთელიც და დავრდომილიც, ბედნიერიც და სევდიანიც, ყოვლისშემძლეც და ნებაყოფლობითი მორჩილიც, მხსნელიც და ჯვარზე გაკრულიც - ის ღმერთია, რომელმაც დამდაბლება ისურვა სამყაროს ასამაღლებლად,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
"იესო მაშინ იბადება, როდესაც შენ გესმის მისი.
შენს ცხოვრებაში ეს შეიძლება რამდენჯერმე მოხდეს და ყოველ ჯერზე რაღაც ახალს, ბრძნულს, მომხიბვლელს, სასარგებლოსა და აუცილებელს დაინახავ მასში.
რასაც დაინახავ, ვერც დაივიწყებ ვერასდროს.
ის თავს არ გაძალებს, მაგრამ ზუსტად იცის, როგორი შეიძლება იყო, თუკი მის გზას გაჰყვები.
ღმერთი ადამიანი გახდა, რათა მისთვის განღმრთობის უფლება და ძალა მიეცა.
ის მოვიდა, რათა ხელმეორედ შეექმნა კაცი, რომელმაც საკუთარი თავის ძიებაში საკუთარი თავი დაკარგა.
მან უარი თქვა შურისძიებაზე და ადამიანს სიყვარულისკენ მოუწოდა საყოველთაო მშვიდობისა და ჰარმონიისთვის.
იორდანე განიწმინდა უფლის ნათლისღებისას.
სასწაულს აზრი მიეცა, როდესაც იესო სჩადიოდა.
ისეთი სიტყვა დატოვა, სიცოცხლეს რომ სიკვდილს ამარცხებინებს.
ყველას თავისთან მოუხმო და თავადაც მივიდა ყველასთან - საკუთარი ფეხით, სულით თუ წიგნით.
ვერავინ იტყვის, რომ ის არ ჩანს - ყველგან არის, სადაც მისი სახელით თუნდაც სამი კაცი შეიკრიბება.
ის ბავშვიც არის და მოხუციც, ჯანმრთელიც და დავრდომილიც, ბედნიერიც და სევდიანიც, ყოვლისშემძლეც და ნებაყოფლობითი მორჩილიც, მხსნელიც და ჯვარზე გაკრულიც - ის ღმერთია, რომელმაც დამდაბლება ისურვა სამყაროს ასამაღლებლად.
არაფერია იესოს დაბადებასა და აღდგომაზე უფრო დიდი იმედი - სიკვდილი თავზარდაცემული და დამარცხებული კანკალებს მის წინაშე.
ბავშვმა მკითხა ერთხელ:
"აბა, ვინ მოგვერევა მე და იესოს?"
- ვერავინ და ვერაფერი, პატარავ - მისი გაღიმება უძლეველია"- წერს გია მურღულია.