მალე ნაძვის ხეც დაიდგმება, მისი სათამაშოებიც ამოლაგდებიან საცავებიდან, როგორც იმედისა და სიხარულის ჩირაღდნები, სული და გონებაც შეეცდებიან, გულგრილობისა თუ წუხილის მტვერი მოიშორონ, განიწმინდონ, გასუფთავდნენ და სიყვარულის განწყობა დაიმკვიდრონ, - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
"დეკემბერი რომ დგება, ახალი წლის სუნთქვა იგრძნობა.
რა არის ახალი წელი? - ცხოვრების კიდევ ერთ ნაწილთან განშორების სევდა და დარჩენილთაგან მორიგის მოლოდინის სიხარული თუ იმედი.
რაც მთავარია, წარსული არსად მიდის და მომავლის ნაწილი ხდება.
მახსოვრობა ისეთივე ბუნებრივი სახე და ხატია აქტიური სიცოცხლისა, როგორიც მოსასვლელი დრო.
მალე ნაძვის ხეც დაიდგმება, მისი სათამაშოებიც ამოლაგდებიან საცავებიდან, როგორც იმედისა და სიხარულის ჩირაღდნები, სული და გონებაც შეეცდებიან, გულგრილობისა თუ წუხილის მტვერი მოიშორონ, განიწმინდონ, გასუფთავდნენ და სიყვარულის განწყობა დაიმკვიდრონ.
ყოველ ახალ წელს განახლების დროა.
ოღონდ ის არ უნდა დაივიწყო, რასაც და ვისაც აახლებ - ბევრი რამ არის ამქვეყნად გადარჩენის ღირსი და ამისთვის ადამიანს გამბედაობა მართებს.
მოვიდა ზამთარი - ცივი დაფიქრებისა და თბილი გრძნობების დრო.
ყველა დროში იპოვეთ საკუთარი თავი.
და ყველაზე რთულ ვითარებაშიც არ დაგავიწყდეთ, გაუღიმოთ ადამიანებსა და სამყაროს - კეთილგანწყობა სიცოცხლის საფუძველია"- წერს გია მურღულია.