გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის (2020-2022) შესრულების ანგარიშის მოსმენა გაიმართა.
შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ისაუბრა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების, როგორც ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გარემოსდაცვითი გამოწვევის საკითხზე და ყურადღება ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პოლიტიკის მნიშვნელობასა და განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობაზე გაამახვილა.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებაში 87% -იანი პროგრესი გვაქვს. ეს არის სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის ერთობლივი ეფექტიანი მუშაობის შედეგი. მე მინდა მადლობა გადავუხადო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, განსაკუთრებით ბიზნესის წარმომადგენლებს, გამოჩენილი პასუხისმგებლობისთვის. ჩვენ და ჩვენმა შვილებმა უნდა ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში, რაც მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ
შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ისაუბრა გეგმის შესრულების პროცესში ჩართული შესაბამისი უწყებების კოორდინირებული თანამშრომლობის და მიღწეული შედეგების მნიშვნელობის საკითხებზე.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვმუშაობთ ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად. პარლამენტი უახლოეს მომავალში დაამტკიცებს ტექნიკური ინსპექტირების განმეორებითი ჯარიმის და ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლის კანონპროექტს, რაც ერთობლივად დაგვეხმარება ჩვენი საერთო მიზნის, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიღწევაში“,- განაცხადა მაია ბითაძემ.
შეხვედრაზე რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა ნინო ლაცაბიძემ ხაზგასმით აღნიშნა რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში მიღწეული პროგრესის მნიშვნელობა და ქალაქის მერიის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობაზე ისაუბრა.
რუსთავის მერის განცხადებით, ქალაქს აქვს გამწვანების დიდი პოტენციალი, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების პროცესს.
საუბარი შეეხო გარემოსდაცვითი მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების, გაფრქვევების თვითმონიტორინგის გაუმჯობესების, რუსთავში ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვის შემცირების, მწვანე ინფრასტრუქტურის ასევე, რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების სისტემის გაუმჯობესების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მიღწეული შედეგების მნიშვნელობის საკითხებს.
შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი, კახა კაკაბაძე, სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ირაკლი შატაკიშვილი და ალექსანდრე დალაქიშვილი, სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდე“ წარმომადგენლები და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის და უწყების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.