გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები  სოფლის მეურნეობის დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა გასული წლის საქმიანობა შეაჯამეს, მიმდინარე წლის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კომუნიკაცია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის. მზად ვართ, მოვისმინოთ თითოეულ სექტორში არსებული გამოწვევა და, ასოციაციებთან ერთად, დავგეგმოთ მათი გადაჭრის ისეთი გზები, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მიღწეულ შედეგებს. ასოციაციის წარმომადგენლებმა მარცვლეული კულტურების, რძის, მესაქონლეობის, დაფნის, კაკლოვანი კულტურების, პურის, ზეთისხილის, თაფლის, თევზისა და კვერცხის წარმოების, მეცხვარეობისა და მეფუტკრეობის განვითარების შედეგებზე და არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში ადგილობრივი პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტის მიმართულებით ზრდის  მუდმივად მზარდი ტენდენცია ფიქსირდება.

საუბარი შეეხო მესაქონლეობისა და აკვაკულტურის სექტორის პოტენციალს და განვითარების მნიშვნელობის საკითხებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დარგის საჭიროებების და ინიციატივების განხილვის მიზნით, სამინისტრო ყოველთვის მზად არის ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდეს. კერძო სექტორის ჩართულობით ახალი წინადადებების, მხარდამჭერი ღონისძიებების და საკანონმდებლო რეგულაციების განხილვა სამინისტროში დანერგილი წარმატებული მიდგომაა.