სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფონიჭალაში, შემთხვევის ადგილზე მყოფმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, სამაშველო სამუშაოების შედეგად, დღის განმავლობაში შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს ხუთი ადამიანი, ხოლო დღის მეორე ნახევარში ნაგრევებიდან ექვსი გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს.
„მეხანძრე-მაშველების მიერ, საერთო ჯამში, საბედნიეროდ, ხუთი მოქალაქე იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში. მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, რომლის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამ ხუთი ადამიანიდან ერთის მდგომარეობა არის მხოლოდ კრიტიკულად მძიმე. ასევე, სამწუხაროდ, დღის მეორე ნახევარში ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი გარდაცვლილი მოქალაქე, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. პირველ რიგში, მინდა, მათ ოჯახებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს მივუსამძიმრო“, – განაცხადა თამაზაშვილმა.
მისივე თქმით, ამ დროიდან ადგილზე გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.




