დიდ დიღომში მდებარე მრავალფუნქციურ ცენტრში კაფეს მოსაწყობად ფართის იჯარით გაცემაზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

„გასული წლის ოქტომბერში დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის 18ა-ში გაიხსნა მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც არის ორი საცურაო აუზი, ტანვარჯიშის დამოუკიდებელი დარბაზი, საკალათბურთო, ფრენბურთის, საჭიდაო დარბაზები, კრივისთვის განკუთვნილი სივრცე და ასე შემდეგ. აღნიშნული მულტიფუნქციური ცენტრით, ყოველთვიურად,  3 000-მდე ბენეფიციარი სარგებლობს. პროექტში გათვალისწინებული არის  ასევე კაფეს პროექტი. გვაქვს კონკრეტული სივრცე და გვინდა, აქაც გამოვაცხადოთ ინტერესთა გამოხატვა, ფართი გავცეთ იჯარით, კაფეს მოწყობის ვალდებულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მიმართა ბიზნესსექტორს, დაინტერესდეს აღნიშნული წინადადებით და ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა მიიღოს.