დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერის, კუნძულ ტექსელის სკვერისა და სიკო დოლიძის სახელობის სკვერის გახსნის ღონისძიების გამო, ბორის პაიჭაძის ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეზღუდვა 12 სექტემბრის 08:00-დან 13 სექტემბრის 06:00 საათამდე იმოქმედებს. დროის ამავე მონაკვეთში ავტომობილების მფლობელები ვერც პაიჭაძის ქუჩაზე არსებული საპარკინგე სივრცით ისარგებლებენ.
„შეზღუდვის პერიოდში ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება პაიჭაძისა და ევგენი მიქელაძის ქუჩების კვეთამდე, ასევე, პაიჭაძისა და ნოდარ ახალკაცის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ რობაქიძის გამზირიდან მიქელაძისა და ბელიაშვილის ქუჩების გამოყენებით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები: N320, N299, N311, N351 N304 და მიკროავტობუსები: N541 N526, N550, N534 და N536, ლუბლიანას ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, რობაქიძის გამზირიდან გადაინაცვლებენ აღმაშენებლის ხეივანში, საიდანაც მარჯვნივ მოხვევით, იმოძრავებენ მიქელაძისა და ბარძიმაშვილის ქუჩებისკენ და დაუკავშირდებიან ლუბლიანას ქუჩას.
ლუბლიანას ქუჩიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება ბარძიმაშვილის ქუჩის მიმართულებით, შემდეგ კი მარცხნივ მოხვევით, დაუკავშირდება მიქელაძის ქუჩას, მარჯვნივ მოხვევით, გადაინაცვლებს ბელიაშვილის ქუჩაზე და მოძრაობას რობაქიძის გამზირის მიმართულებით გააგრძელებს.
რობაქიძის გამზირზე მიკროავტობუსები მოუხვევენ მაიაკოვსკის ძეგლთან და იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმართულებით, ხოლო ავტობუსები მოძრაობას გააგრძელებენ დავით აღმაშენებლის ძეგლისკენ, სადაც მოუხვევენ და დიდუბის მიმართულებით გადაადგილდებიან“,- აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.