საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ორი პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
პარლამენტთან აქცია მაშინ დაიწყო, როცა პარალელურად საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობდა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მხრიდან ხდება ქართული არმიის გასამართლება და ამას ვერ შეეგუებიან.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის“ დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა 2008 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში შემავალი სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი მამუკა ყურაშვილი და 2004-2006 წლებში სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა. ასევე დღესვე დაიკითხა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი, რომელიც 2004-2006 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.