ჯარის პოპულარიზაციის, მოზარდებსა და ახალგაზრდებში საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების გაზრდისა და სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით თავდაცვის სამინისტრო სხვა პროექტებთან ერთად, საქართველოს მასშტაბით პროექტის - „ჩვენი ჯარი“ განხორციელებას აგრძელებს. 

საქართველოს თავდაცვის ძალების მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებს სტუმრობენ და მაღალი კლასების მოსწავლეებს თემატურად შერჩეული და მომზადებული, მაღალი ხარისხის ვიდეო და ფოტომასალით დატვირთული პრეზენტაციების სახით, საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიას, ამოცანებს, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს, ჯარში მოხვედრისა და სამსახურის, განათლების მიღების შესაძლებლობებს აცნობენ.

ჯარისკაცები ამჯერად ქალაქ თელავის მერაბ კოსტავას სახელობის N4 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ, პედაგოგებთან და მოსწავლეებთან საინფორმაციო-გაცნობითი შეხვედრა გამართეს და მათ თავდაცვის ძალების სტრუქტურის, საქართველოს ეროვნული გმირების ისტორიის, ეროვნული და საერთაშორისო სამხედრო სწავლებების, საერთაშორისო მისიების, ჯარში არსებული ბენეფიტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, სრულყოფილი ინფორმაცია მიიღეს.

პროექტი - „ჩვენი ჯარი“ საქართველოს სკოლებში 2024-2025 სასწავლო წლის დასრულებამდე გაგრძელდება.