ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, რამდენიმე პროექტის მიმდინარეობას გაეცნენ.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ მოინახულეს მუსხელიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები. დაწყებულია ნიკო მუსხელიშვილის ქუჩაზე მდებარე სანიაღვრე არხის კაპიტალური კალაპოტის, არხის გასწვრივ ტროტუარისა და გამწვანების მოწყობა. გათვალისწინებულია დასასვენებელი მოედნების და ფანჩატურის მოწყობაც. პროექტის ღირებულებაა 920 224 ლარი და რგპფ-ს მიერ არის დაფინანსებული.
ქალაქში გრძელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების მოწესრიგება. მიმდინარეობს ზვიად გამსახურდიას და ირაკლი აბაშიძის ქუჩებზე მდებარე კორპუსების (მათ შორის ე.წ. „წიგნის სახლის“) ფასადების განახლება.
სრული რეაბილიტაცია უტარდება მე-17 სპორტული სკოლის კრივის დარბაზებსა და ადმინისტრაციულ შენობას. სამუშაოების ერთი ნაწილი უკვე დასრულებულია. 2 210 474 ლარის ღირებულების პროექტს რგპფ აფინანსებს და გათვალისწინებულია კრივის დარბაზების, გასახდელების, სველი წერტილების, საუნის განახლება. განახლდება ადმინისტრაციული შენობის ოთხივე სართული, მოეწყობა სასტუმრო, შეიცვლება გადახურვა და კარ-ფანჯრები. რეაბილიტაციის შემდეგ სპორტული სკოლა შეძლებს უმასპინძლოს საერთაშორისო ტურნირებს.