დღეიდან, თბილისის მეტროპოლიტენი 06:00 საათიდან 23:00 საათამდე იმუშავებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლის, თამაზ რობაქიძის განცხადებით, მეტროში ელექტროგაყვანილობის თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაა და კაბელების ჩანაცვლებაა საჭირო.
მისივე თქმით, მსგავსი მასშტაბური პროექტი თბილისის მეტროში ჯერ არ განხორციელებულა. მეტროპოლიტენის ახალ განრიგთან დაკავშირებით განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ 5 მაისს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. „ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი სატრანსპორტო პოლიტიკა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, არსებული მდგომარეობის გამოსწორებაა. დავიწყეთ მუშაობა მეტროს ვაგონების რეაბილიტაციაზე. უკვე რამდენიმე შემადგენლობა რეაბილიტირებულია და მგზავრებს ემსახურება. გარდა ამისა, გვაქვს მძიმე მდგომარეობა ელექტროგაყვანილობის თვალსაზრისით. აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით, გამოყოფილია 16 მილიონი დოლარი, რომელიც ძალოვანი კაბელების ჩანაცვლებასა და მთლიან რეაბილიტაციას მოხმარდება. რაც მეტრო გაიხსნა, მას შემდეგ, ამ ტიპის სამუშაოები არ წარმოებულა. პროექტის განხორციელების შედეგად, დაახლოებით, 450 კმ ძალოვანი კაბელი შეიცვლება, ახალი, თანამედროვე ISO-ს სტანდარტის კაბელებით. ასევე, პროექტის ფარგლებში, 28 საგვირაბე გამნიავებლის და 32 ახალი, ევროპული სტანდარტის ვენტილატორის მონტაჟი მოხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.