დედაქალაქმა ნებაყოფლობითი ადგილობრივი მიმოხილვის (Voluntary Local Review) ფორუმს - „ადგილობრივი ნებაყოფლობითი ანგარიშის განვითარებისათვის“ უმასპინძლა. VLR მოხალისეობრივი ანგარიშგების პროცესია, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი ხელისუფლებები აფასებენ და საჯაროდ აჯამებენ გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) შესრულების პროგრესს თავიანთ ტერიტორიებზე.
ღონისძიება, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, გაერო-ს ადამიანთა დასახლებების პროგრამასთან (Un-Habitat) თანამშრომლობით გაიმართა.
ფორუმი მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ გახსნა და „ნებაყოფლობითი ადგილობრივი მიმოხილვის დოკუმენტის“ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ძალიან მნიშვნელოვანი, ახალი ნაბიჯი იდგმება მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე. თბილისი პირველი ქალაქია, რომელმაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში „ნებაყოფლობითი ადგილობრივი მიმოხილვის დოკუმენტზე“ მუშაობა დაიწყო. ჩვენი დედაქალაქი კულტურული, ეკონომიკური, სოციალური ცენტრია, რომელიც გავლენას ახდენს რეგიონის განვითარებაზე და სხვა ქალაქებისთვისაც მაგალითს წარმოადგენს. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, შევერთებოდით Un-Habitat-ის ინიციატივას, ნებაყოფლობითი ადგილობრივი მიმოხილვების მიმართულებით. 2023 წლის ივლისში თბილისმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, პირველი VLR-ის შექმნასთან დაკავშირებით ამიერკავკასიაში. ამავე წლის ნოემბერში, პირველად შეიკრიბა სამუშაო ჯგუფი თბილისის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურისა თუ ორგანიზაციის ჩართულობით, დაიწყო მონაცემთა შეგროვება და ანალიზი, დაიგეგმა ინტერვიუები. დღევანდელი შეკრება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან პროცესით, რომელიც დღეიდან დაიწყება, დოკუმენტი მიიღებს ბევრად დახვეწილ სახეს, დაემატება რეკომენდაციები, რომლებიც ქმედებებზე ორიენტირებული იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერში თქვენც აქტიურად ჩაერთვებით და აღნიშნული ინიციატივების განხორციელებაში დაგვეხმარებით“, - განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.
ნებაყოფლობითი ადგილობრივი მიმოხილვის ფორუმი თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებიდან, მუნიციპალური დაწესებულებებიდან, სამოქალაქო საზოგადოებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ბიზნეს სექტორიდან ძირითადი დაინტერესებული მხარეების გაერთიანებასა და დედაქალაქის „ნებაყოფლობითი ადგილობრივი მიმოხილვის დოკუმენტის“ განვითარებას ისახავდა მიზნად.
აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს ქალაქის მდგრადი განვითარების იმ 17 მიზანს, რომელთა შესრულებაც ჯანსაღი ქალაქის შექმნას მოიაზრებს. ძირითად მიზნებს შორისაა, ნაკლები სიღარიბე, მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ეკოტრანსპორტის წახალისება და მათი რაოდენობის ზრდა, ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობა, მეტი გამწვანებული სივრცის შექმნა და ა.შ. „ნებაყოფლობითი ადგილობრივი მიმოხილვის დოკუმენტმა“, სხვადასხვა ინდიკატორით, უნდა განსაზღვროს 2030 წლისთვის არსებული მიღწევები და მათი შესრულების გზებიც.
ღონისძიებას, რომელიც იდეების გაზიარებას, გამოწვევების იდენტიფიცირებასა და ქალაქის განვითარებაში მონაწილე სექტორების თანამშრომლობის ხელშეწყობას გულისხმობდა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.