ასეთი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან გამართული პირველი შეხვედრის დროს გააკეთა.
უკრაინასთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების შედეგად შესაძლებელი გახდება იმ სამხედრო დახმარების ანაზღაურება, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ გაუგზავნა უკრაინას. შეთანხმებას პოტენციურად გაცილებით მეტი შემოსავლის მოტანაც შეუძლია. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მოდის, რათა ხელი მოაწეროს შეთანხმებას და ეს შესანიშნავია. ეს უკრაინისთვისაც დიდი საქმეა“, - განაცხადა ტრამპმა.
შეეხო რა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ ეკონომიკური ჩარჩო შეთანხმება დასრულდა, მაგრამ კვლავ გადაუწყვეტელია უსაფრთხოების გარანტიების საკითხი და რომ ჩარჩო შეთანხმება არის პირველი ნაბიჯი სრულმასშტაბიანი შეთანხმებისკენ, რომელიც უკრაინის პარლამენტში განიხილება, ტრამპმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიები მას არა შეერთებულმა შტატებმა, არამედ უახლოესმა მეზობელმა, ევროპამ უნდა მისცეს.
სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმება შეერთებულ შტატებს „უზარმაზარ მატერიალურ სიმდიდრეს“ მოუტანს. შეთანხმება უკრაინისთვისაც სასარგებლოა, რადგან აშშ იქნება ქვეყანაში და იმუშავებს, რითაც უკრაინელების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. აშშ აიღებს „იმას, რაზედაც მას უფლება აქვს“, - განაცხადა ტრამპმა.